Breaking

loading...

Monday, August 3, 2020

"საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" საგანგებო განცხადება!


"საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" საგანგებო განცხადება!

მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში საკმაოდ დაიძაბა ეპიდსიტუაცია და მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა.
შექმნილი ვითარების პარალელურად საზოგადოებაში იკლო სიფრთხილემ, მოქალაქეები პერმანენტულად არღვევენ რეკომენდაციებს, მალავენ ცხელების ფაქტებს, რაც შესაძლოა სავალალო შედეგებით დასრულდეს!
კონტროლი შესუსტდა ჰიპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აქტიურად აღარ ხდება ტემპერატურის მონიტორინგი.
ამავდროულად გაიზარდა საზოგადოების მხრიდან აგრესია ექიმების მიმართ! კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედპერსონალს. ფედერაციას რეაგირებისთვის უკვე დაუკავშირდა რამდენმე კოვიდ-კლინიკის პერსონალი.
თავის მხრივ, თუკი პაციენტები თვლიან, რომ კლინიკებში მათი უფლებები ირღვევა, შეუძლიათ მომართონ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას, რომლის მიზანს ამ მძიმე ვითარებაში ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის დიალოგის გზით მოგვარება წარმოადგენს!
მიგვაჩნია, რომ დაპირისპირება და მითუმეტეს, მედპერსონალის უსაფუძვლო შეურაცხყოფა მიუღებელი და სამარცხვინოა!
თბილისში ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მრავალპროფილურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც პაციენტთა ასევე სამედიცინო პერსონალს შორის. ინფიცირებულთა რაოდენობა დღითი-დღე იმატებს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი აცხადებს აღნიშნული კლინიკა რეკომენდაციების სრული დაცვით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სამედიცინო დაწესებულებას ყოველდღიურად სხვადასხვა პროფილის ასობით პაციენტი მიმართავს.
მაშინ, როდესაც პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ერთი პაციენტისა და ექიმის ინფიცირების გამო დაიხურა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ და „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“. აღნიშნული კლინიკის სრული დატვირთვით მუშაობის საკითხი, ვფიქრობთ, შესაბამისი სტრუქტურების მიერ, გადასახედია!
ამავდროულად, ორ მსხვილ კლინიკაში მოხდა სამედიცინო პერსონალის უფლებების დარღვევა სახელფასო ანაღზაურების მკვეთრი შემცირებისა და დაგვიანებული ანგარიშსწორების გამო.
მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის შექმნის მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ საზოგადოების დახმარება ექიმებისა და ჟურნალისტების გაერთიანებით. ჩვენი ინტერესის სფეროს სცილდება ყოველგვარი კონფლიქტი, თუმცა დღეისათვის ქვეყანაში შექმნილი ვითარება გვავალდებულებს დავიცვათ როგორც მედ-პერსონალის, ასევე პაციენტთა უფლებები, რაც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო და ჯანმრთელი მომავლის შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობაა!
კონკრეტული კლინიკების დასახელებისაგან ამ ეტაპზე ფედერაცია თავს იკავებს. საკითხით დაინტერესებულია პრესა და ტელევიზია.
ვიმედოვნებთ, ადრესატი კლინიკა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საზოგადოება ფედერაციის მიმართვას გაითვალისწინებს!

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები